ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყებისმიერ გავრცლებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის ოჯახის წევრს, თითქოსდა მისი გათავისუფლებისა და შემდგომში შეღავათების გავრცელების სანაცვლოდ, მოტყუებით 10 ათასი ლარი გამოართვეს.
ბრალდებულები შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.
მათ ბრალდება სსკ-ს 180-ე მუხლით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.