თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. მამაკაცმა მიიჩნია, რომ ყოფილმა ცოლმა მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა და ანგარიშსწორების მიზნით მოკლა, ნათქვამია საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისადმი წარდგენილ ბრალდებაში.
პროკურატურამ მამაკაცს ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წაუყენა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა მამაკაცმა მიიჩნია, რომ ყოფილმა ცოლმა მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა, ვინაიდან თვლიდა, რომ მას, როგორც ქალს, პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება არ ჰქონდა.
28 ნოემბერს მამაკაცი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კეშალოში ყოფილი ცოლის ოჯახში მივიდა და ყოფილ მეუღლესა და მის ქმარს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.