თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
დუბაიში 30 ნოემბერს გაეროს ჩარჩო კონვენციის 28-ე კონფერენცია იწყება კლიმატის ცვლილების შესახებ (COP28). მასში მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის 70 ათასი დელეგაცია. სამიტი 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. მას ექნება საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ჩანიშნული არის ამ ღონისძიების ფარგლებში. მთავარი, მას მიეცემა საშუალება გამოვიდეს სიტყვით დიდი აუდიტორიის წინაშე", - განაცხადა საქართველოს ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძემ.
გარდა ამისა, ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს არაბთა გაერთიანებული საამიროების დაარსებიდან 52 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში, რპომელიც 2 დეკემბერს გაიმართება.
კლიმატის სამიტის მონაწილეთა მთავარი ამოცანა პარიზის ხელშეკრულების მიზნების მიღწევაში პროგრესის ანალიზი იქნება. შეთანხმება 2015 წლის 12 დეკემბერს 21-ე კონფერენციის შედეგების მიხედვით პარიზში გაფორმდა. კონფერენცია მიეძღვნა ჩარჩო-კონვენციას კლიმატის ცვლილების შესახებ. ეს პირველი გლობალური შეთანხმებაა კლიმატის შესახებ, რომელიც 190 ქვეყნის მიერ არის ხელმოწერილი და გლობალური დათბობის შესაკავებლად მსოფლიო სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს.