თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ე.წ. მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები უთხრიან ძირს საქართველოს რეპუტაციას და მათ მიერ დაანონსებული აქცია ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად ფარსია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„თქვენი ხმა ევროკავშირს“ – ამ დასახელების მარში თბილისში 9 დეკემბერს გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. მსვლელობა 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.
„ასეთ რაღაცებში ფლანგავენ. იყიდიან დროშებს, სასტვენებს, დალევენ ყავას, გაშლიან „პოვერ პოინთ“ პრეზენტაციას, იტყვიან, რომ უყვართ ევროპა და საქართველო და საქმე საქმეზე რომ მიდგება, კვლავ საქართველოს გამოუთხრის ძირს ის ნაწილი „ენჯეოებისა“, რომლებიც ამას აკეთებდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აბულინგებდნენ პარლამენტის წევრებს, რათა ხელი შეეშალათ სახალხო დამცველის არჩევისთვის და ამით ჩაეგდოთ ერთ–ერთი 12 რეკომენდაციიდან.
„ისინი აქციას აწყობდნენ და ითხოვდნენ, საქართველოს პარლამენტს გადაეყენებინა საქართველოს მთავრობა და ამ მდიდარ „ენჯეოებს“ ჰქონოდათ ვეტოს უფლება ახალი მთავრობის დაკომპლექტებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები წერდნენ სტატიებს ცოტა ხნით ადრე, სანამ ევროკომისიის ახალი რეკომენდაციები გამოქვეყნდებოდა.
კერძოდ, პაპუაშვილმა ისაუბრა ქართული ანალიტიკური ცენტრი GRASS–ის (Georgia's Reforms Associates)მმართველობის თავმჯდომარის, ექს–დეპუტატ სერგი კაპანაძის გამოცემა „ევროაქტივზე“, სადაც მან აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს უნდა მოსთხოვონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პრობლემის გადაწყვეტა.
„ენჯეო“ კლანი, რომელიც არსებობს რამდენიმე მდიდარი „ენჯეოს“ სახით და „გრასის“ თამადობით, პირდაპირ ითხოვდა, რომ საქართველომ საკუთარ ფეხში ისროლოს, ჩააგდოს საქართველო ეკონომიკურ კოლაფსში და სამხედრო დაპირისპირების წინაშე. როდესაც ასეთ „ენჯეოებთან“ გვაქვს საქმე, რომლებიც 100%-იანი უცხოური დაფინანსებით არიან, მათ შორის, ფარული დაფინანსებით, ზოგიერთი ფონდების ყალბი სქემების მეშვეობით, ასეთ აქციებს ფარსის სახე თუ ექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა უფრო ადვილი იქნება, რადგანაც საქართველოს ხელისუფლებამ წინა 12 პირობიდან 80% უკვე შეასრულა.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.