თსუ–ის რექტორმა პრეზიდენტის კრიტიკას უპასუხა

განხეთქილების ვაშლი პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ხელმოწერების შეგროვება გახდა.
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გაუგზავნია ოფიციალური წერილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომ სტუდენტებს ხელმოწერების შეგროვება დაეწყოთ კამპანიის „ჩვენი ხმა – ევროპას“ ფარგლებში, განაცხადა თსუ–ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის საპასუხოდ.
მანამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ აძლევს თსუ–ის რექტორი სტუდენტებს უფლებას, რომ მათ გაშალონ მაგიდები უნივერსიტეტში და მოაგროვოს ხელმოწერები მის მიერ დაწყებული კამპანიის ფარგლებში იმ მიზეზით, თითქოს ეს პოლიტიკური ღონისძიებაა. ზურაბიშვილის თქმით, საუბარია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე და არა პოლიტიკაზე.

„არანაირი ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული. ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა ამის ორგანიზება. მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ეს იყო პრეზიდენტის იმ ინიციატივის გაგრძელება, რასაც ის ახორციელებს ორბელიანების სასახლეში, მაშინ ხომ წესია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტონომიის მქონე უნივერსიტეტს ერთი ფარატინა ქაღალდი მაინც გამოუგზავნოს?“ – განაცხადა სამუშიამ.

მისი თქმით, უნივერსიტეტი ღიაა ყველასთვის, მათ შორის პეტიციაზე ხელმოწერის მსურველებისთვის, სადაც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებენ, საქართველოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, მაგრამ არსებობს პროტოკოლი, რომლის დაცვა აუცილებელია.
„ეს არის ისტორიული შანსი საქართველოსთვის, მაგრამ არსებობს პროტოკოლური თემა. ავტონომია აქვს უნივერსიტეტს და თუ ვიღაცას რაღაცა უნდა, რაღაც ფურცლით და ელემენტარული მომართვით აკეთებენ ხოლმე. ასე ხომ არ არის, მინდა და ვაკეთო! უნივერსიტეტს თავისი მართვის ორგანო ჰყავს, არის სენატი, არის აკადემიური საბჭო, გადაწყვეტილებებში უნდა ჩვენს კოლეგებსაც ვკითხოთ... რამე მთხოვა და არ გავაკეთე?“ – განაცხადა სამუშიამ.
კამპანიის „ჩვენი ხმა – ევროპას“ ფარგლებში ზურაბიშვილმა ამავე სახელწოდების პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვების ორგანიზება მოახდინა ორბელიანების სასახლეში, ასევე დაიწყო შეხვედრების გამართვა ქვეყნის რეგიონებში.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.