სემეკმა მოქალაქეებს კომუნალური დავალიანება ჩამოაწერა

წელს სემეკში კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ 2 ათასამდე საჩივარი შევიდა.
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნული კომისიამ (სემეკი) 2023 წლის იანვრიდან დღემდე მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული – ჯამში 600 ათასი ლარის ოდენობის თანხა ჩამოაწერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ სემეკს მიმართა 1904 მოქალაქემ, რომელთა საჩივრებიც შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს.
„კომისიის გადაწყვეტილებებით, დაკმაყოფილდა მოქალაქეთა მოთხოვნები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სემეკი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებს შეახსენებს და მოუწოდებს, კომუნალური კომპანიების მხრიდან უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც.
ასევე კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის სოციალური ქსელის მეშვეობითაც.