თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელს“ ინიციატივა, რომელიც თითქოს რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, რეალურად აზიანებს საქართველოს ინტერესებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„ლელოს“ რეზოლუციის პროექტი შემდეგი ნაბიჯების გადადგმას ისახავს მიზნად: დაუწესდეთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვები; შეეზღუდოთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს დასაქმების ბაზარზე წვდომა; აეკრძალოთ რუსეთის მოქალაქეებს ქართული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შესყიდვა; აიკრძალოს რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების შემოსვლა საქართველოში; აეკრძალოთ რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა.
„აქ შემოაგდებენ ხოლმე ისეთ ინიციატივას, რაც დამაზიანებელია... ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება ჰქონდეს „ლელოს“ ინიციატივას, არის ქართული ინტერესების დაზიანება. ვითომ რუსულს ებრძვიან და ქართულ ინტერესებს აზიანებენ, ეკონომიკის ჩამოშლას ცდილობენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივა მოღალატეობრივია და მიმართულია ქვეყნისა და მისი მოსახლეობის დაზიანებისკენ.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისშისაქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით.
ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის წარმოებს საერთაშორისო ჟენევის მოლაპარაკებებისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფარგლებში.
ბოლო წლებში ქვეყნები აქტიურად ავითარებენ სავაჭრო კავშირებს. რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2023 წლის მაისში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, ასევე გააუქმა აკრძალვა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე, რომელიც 2019 წლიდან იყო აკრძალული.