კაბუმ გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა

მუსიკოსმა გირაოს თანხა - 10 ათასი ლარი გადაიხადა
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა მსახიობმა და რეპერმა კახა აბუაშვილმა, იგივე კაბუმ, რომელიც ქალზე ძალადობის და ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული, გირაოს თანხის გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
მან მედიასთან მომხდარის დეტალებზე საუბარი არ ისურვა
მსახიობი კახა აბუაშვილი 25 ნოემბერს დააკავეს. ქალზე განხორციელებული ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებულ მსახიობს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
ადვოკატის განცხადებით, კაბუმ გირაოს თანხა სრულად გადაიხადა, რის შემდეგაც პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
პროკურატურა გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრეს, რადგან, უწყების ვარაუდით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის ან მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის საფრთხე. თუ სააპელაციო სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, კაბუს საპატიმროში დააბრუნებენ.
საქმის დეტალები
პროკურატურის ინფორმაციით, 25 ნოემბერს რეპერმა თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას მასთან ერთად მყოფ ქალს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე ხელი რამდენჯერმე გაარტყა. გარდა ამისა, ბრალდებული დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია. აღნიშნულის შედეგად ქალმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო.
კახეთის გზატკეცილზე მსვლელობისას, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ, დაზარალებულმა შენიშნა გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად მოუწოდა. პოლიციელებმა ბრალდებულის მისამართით განახორციელეს დევნა, შეაჩერეს ავტომანქანა და დაზარალებულის მითითებით აბუაშვილი ადგილზე დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, რეპერი უკანონოდ ინახავდა ასევე ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით - 1,28 გრამს.
პროკურატურამ კაბუს ქალის მიმართ ძალადობის (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლი), მუქარის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლი) დღეს წარუდგინა ბრალი.