ხუთი მილიონი მგზავრი 11 წელიწადში – Wizz Air-ის მუშაობა საქართველოში

Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამი A321 ტიპის უახლესი ავიახომალდით 28 მიმართულებით ფრენებს 16 ქვეყანაში ასრულებს.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. უნგრულმა ლოუკოსტერმა WizzAir-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე 5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
ავიაკომპანია WizzAir ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც 2,5 მლნ-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო.
„ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან დღემდე Wizz Air-ის მგზავრთა რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ავიაკომპანიამ უკვე გადაიყვანა საქართველოს მოსახლეობაზე მეტი მგზავრი, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო ამყარებს საქართველოში მათ არსებობას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილ წვლილს“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
მისი თქმით, 5 მილიონი მგზავრის გადაყვანა არის მნიშვნელოვანი მიღწევა, რაც ავიაკომპანიასთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის აშკარა შედეგია.
„ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წლის ბოლომდე 4 ბაზირებული საჰაერო ხომალდით იქნება წარმოდგენილი. ეს არის უკვე ახალი განაცხადი. პირველად ხდება, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ოთხი საჰაერო ხომალდი იქნება ბაზირებული. ჩვენთვის ეს სრულიად ახალი რეალობაა", - განაცხადა მან.
Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად სამი A321 ტიპის უახლესი ავიახომალდით 28 მიმართულებით ფრენებს 16 ქვეყანაში ასრულებს. დეკემბრის შუა რიცხვებიდან კი ქუთაისის ბაზას ავიაკომპანია მეოთხე საჰაერო ხომალდს დაამატებს და კვირაში ორჯერ პირდაპირ რეისებს დანიის სამეფოს მიმართულებით შეასრულებს.
მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში - ახალი სტატისტიკა>>>
დღეისათვის უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air საქართველოში საჰაერო გადაზიდვებში ლიდერობს - 2022 წელს ის 630 ათას მგზავრს მოემსახურა.
WizzAir ევროპაში მოგზაურობის მოყვარული მოსახლეობის ფავორიტ კომპანიებს შორისაა. კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანია იძულებული იყო შეემცირებინა თავისი ბაზები და შეეწყვიტა ფრენები. თუმცა 2021 წლის 1 თებერვლიდან კომპანიამ ავიამიმოსვლა განაახლა, ზაფხულიდან კი რეგულარული ფრენების აღდგენა დაიწყო.
ავიაკომპანიამ 2023 წლის ივნისში ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და 2 ივნისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო ევროპის 5 ქალაქის – ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებებით. ფრენები კვირაში ორი სიხშირით ხორციელდება.
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.