საქართველოში მთელი რიგი მძიმე დანაშაულისთვის ხანდაზმულობის ვადის გაუქმება გეგმავენ

ხანდაზმულობის ვადა ეს არის დანაშაულის ჩადენის მომენტიდან გასული დროის ის პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგაც წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის გაუქმებას ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა გაუპატიურება, წამება და სხვა.
ხანდაზმულობის ვადა ეს არის დანაშაულის ჩადენის მომენტიდან გასული დროის ის პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგაც წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა.
კანონპროექტის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა არ იქნება გამოყენებული სსკ-ის 144-1-ე („წამება“), 144-2-ე („წამების მუქარა“) და 144-3-ე („დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა“) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში.
ასევე შეთავაზებულია ხანდაზმულობის ვადის გაუქმება საქართველოს სსკ-ის 137-141-ე და 253−255-2-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის არასრულწლოვნის მიმართ ჩადენის შემთხვევაში.
საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა გაუპატიურება, თექვსმეტი წლამდე პირის სხეულში სექსუალური შეღწევა, გარყვნილი ქმედებები, პროსტიტუციაში ჩაბმა, პროსტიტუციის ხელშეწყობა, პორნოგრაფიული ნაწარმის ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება და გასაღება.
ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადა ასევე არ გავრცელდება იმ დანაშაულზე, რომლის ჩადენასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა და რომლისთვისაც გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა, ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილია. ინიციატორები კი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები არიან.