ისტორიული მოვლენა: ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოზაიკა ვატიკანში განთავსდება

ივერიის ღვთისმშობლის ხატის დედანი დაბრძანებულია ათონის მთაზე. ეს ხატი იფარავს ათონის მთას. ათონის მთის მფარველობა ნიშნავს ზოგადად მართლმადიდებლობის მფარველობას, აღნიშნა მეუფე დანიელმა.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ხატის ინაუგურაციის ოფიციალური ცერემონია 28 ნოემბერს გაიმართება, იუწყება „პირველი არხი“.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის ორიგინალი მე–11 საუკუნის დასაწყისიდან ათონის წმინდა მთაზე, ივერიის მონასტერშია დაბრძანებული, სიდანაც მიიღო მან თავისი სახელწოდება. საქართველოში ხატის მოზაკური ფრესკა შექმნეს, რომელიც მისი ზუსტი ასლია.
საქართველოში ვატიკანის ყოფილი ელჩის, კლაუდიო გუეროტის თქმით, ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ხატის განთავსება ვატიკანში ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც წაადგება მომავალ მსოფლიოს.
გუჯეროტიმ ამ მოვლენას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო მდიდარია ქრისტიანული ხელოვნებით და შთაგონებულია რწმენით.
„დროა, ქრისტიანები შეხვდნენ მსოფლიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო გაუჩინარდება დაცემის შემდეგ. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და არამარტო კულტურული თვალსაზრისით. ეს ძალიან წაადგება მთლიანად მსოფლიოს მომავალს“, – განაცხადა გუჯეროტიმ.
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა. რომ ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ხატის განთავსება ვატიკანში ქრისტიანული რწმენის დაცვის კიდევ ერთი საშუალებაა თანამედროვე სამყაროში, რომელიც თანდათანობით სულ უფრო შორდება სულიერ ფასეულობებს.
„ივერიის ღვთისმშობლის ხატი, მისი დედანი ბრძანდება ათონის მთაზე... არის ასეთი საეკლესიო გადმოცემა, რომ ეს ხატი იფარავს ათონის მთას. ათონის მთის მფარველობა ნიშნავს ზოგადად მართლმადიდებლობის მფარველობას, ვიდრე მეორე მოსვლამდე“, – აღნიშნა მეუფე დანიელმა.
მისი თქმით, ეს გადმოცემა ასევე ამბობს, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და ქართველი მართლმადიდებლები ჭეშმარიტ სარწმუნოებას ბოლომდე შეინარჩუნებენ.
„ჩვენ მადლობელი ვართ ღვთისა, რომ ეს მოხდა, ეს შესრულდა და ამიერიდან ივერიის ღვთისმშობელი იქადაგებს ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამჯერად ვატიკანის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა მეუფე დანიელმა.
ინაუგურაციის წინ აღორძინების ეპოქის სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართა. საღამოს კულტურული ნაწილი გააფორმეს ეროვნულმა ბალეტმა „სუხიშვილები“ და სახელმწიფო ანსამბლმა „ბასიანმა“.
ივერიის ღვთისმშობლის ხატი
მე–9 საუკუნეში ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ.
ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი, რომელიც ფარულად ინახავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. იმპერატორის გამოგზავნილმა მხედრებმა იპოვეს ეს ხატი და ერთ–ერთმა მათგანმა „მახვილი დასცა პირსა ხატისა”. მოხდა სასწაული: ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. შეშინებული მხედრები იქაურობას გაეცალნენ.
ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, დილით კი მან ხატი ზღვასთან მიაბრძანა და ლოცვის შემდეგ წყალში ჩაუშვა. ხატი ზღვის ტალღებზე აღმართული, დასავლეთისკენ გაემართა.
რაღაც დროის გასვლის შემდეგ ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. ისინი ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ადგა, მაგრამ როცა მიახლოება გადაწყვიტეს, ხატი ზღვის ნაპირს გაშორდა.
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული: ისტორია, სასწაულები და მნიშვნელობა>>
ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ქართველი ბერი გაბრიელი. მამებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ივერიელი იყო ღირსი წმიდა ხატის ზღვიდან გამოყვანებისა. იმავდროულად, ღვთისმშობელი თავად გაბრიელსაც გამოეცხადა და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი“.
გაბრიელი ათონის ბერებთან ერთად ჩავიდა ზღვასთან, შემდეგ ზღვაში შევიდა, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა.
ზღვიდან გამოსვენებული ხატი დააბრძანეს და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. იმ ადგილას ცივმა და საამო წყარომ ამოხეთქა. ამის შემდეგ ხატი ეკლესიაში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს. მეორე დილით, კანდელის დასანთებად ბერებს ხატი ადგილზე არ დახვდა. ძებნის შემდეგ იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს, ყოვლადწმიდა ქალწული ისევ გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღა გამხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანეს ამას შინა ხატი, არა მოგაკლდეს თქვენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა“.
ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.
ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულება.
ათონელმა ბერებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის თხოვნით ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი დაწერეს, რომელიც 1989 წლის 9 ოქტომბერს საქართველოში ჩამოაბრძანეს. ეს ასლი სიონშია დაბრძანებული. კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის სხვა უამრავი ასლიც არსებობს და ყოველი მათგანი სასწაულმოქმედია.