Georgian Airways-ი თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის ფრენებს იწყებს

ფრენები კვირაში ორი სიხშირით: ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით პირდაპირ რეისებს 10 დეკემბრიდან შეასრულებს, ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფრენები კვირაში ორი სიხშირით: ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.