თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. პარლამენტის ბიურომ პარტია „ლელოს“ ანტირუსული რეზოლუციის პროექტს - „საქართველოს დაცვის აქტი“ - მსვლელობა არ მისცა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა.
რეზოლუციის პროექტი შემდეგი ნაბიჯების გადადგმას ისახავს მიზნად: დაუწესდეთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვები; შეეზღუდოთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს დასაქმების ბაზარზე წვდომა; აეკრძალოთ რუსეთის მოქალაქეებს ქართული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შესყიდვა; აიკრძალოს რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების შემოსვლა საქართველოში; აეკრძალოთ რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა; დაუწესდეთ რუსულ ბიზნესს საოკუპაციო მოსაკრებელი; აიკრძალოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები; აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო არხების მაუწყებლობა საქართველოში და კრემლის საოკუპაციო პოლიტიკის მსახურ რუსულ ფონდებს აეკრძალოთ საქართველოში საქმიანობა.
როგორც პარტიის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა, რეზოლუციის პროექტში მოსალოდნელი ფინანსური გავლენები მკაფიოდ განსაზღვრული არ იყო და ის წინააღმდეგობაში მოდიოდა საბიუჯეტო სისტემის უნივერსალურობის პრინციპთან.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ბიუროს სხვა მიზეზი არ აქვს, რომ პროექტი არ დაარეგისტრიროს, თუმცა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეზოლუციას ნებისმიერ შემთხვევაში არ დაუჭერდა მხარს.
„თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ დათვალოთ და ისე შემოიტანოთ ეს რეზოლუციის პროექტი. რაც შეეხება პოლიტიკას და მხარს რას დავუჭერდით, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერდით. გაცხადებულია ეს პოლიტიკა წელიწად ნახევარია. რაც შეეხება სანქციების დაწესებას, სანქციებს არ ვაწესებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივა მოღალატეობრივია და მიმართულია ქვეყნისა და მისი მოსახლეობის დაზიანებისკენ.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისშისაქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამის გამო მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით.
ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის წარმოებს საერთაშორისო ჟენევის მოლაპარაკებებისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფარგლებში.
ბოლო წლებში ქვეყნები აქტიურად ავითარებენ სავაჭრო კავშირებს. რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2023 წლის მაისში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, ასევე გააუქმა აკრძალვა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე, რომელიც 2019 წლიდან იყო აკრძალული.