Covid-19 გაქრა? ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

მიუხედავად ამისა, ჩხაიძე მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს: საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში სამედიცინო პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები არ გამოვლენილა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქრა, განაცხადა იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.
24 ნოემბრის ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში 15 ათასი კოვიდშემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა იყო პერიოდი, როდესაც მარტო საქართველოში დღეში 26 ათასი კოვიდშემთხვევა გამოვლინდა, განაცხადა სპეციალისტმა.
„ბოლო ორი კვირის მანძილზე ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა. ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი გაქრა, უბრალოდ შემთხვევების რაოდენობამ იკლო", - განაცხადა ჩხაიძემ.
უახლოეს პერიოდში არ არსებობს აღნიშნული ვირუსის გააქტიურების ან ახალი მუტაციის გაჩენის საშიშროება, აღნიშნა მან.
მიუხედავად ამისა, ჩხაიძე მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს: საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში სამედიცინო პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა.
როგორც ჩხაიძემ განაცხადა, საქართველოში ამჟამად არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. ვირუსი საფრთხეს არ უქმნის ჯანდაცვის სისტემას და ამიტომაც ჯანდაცვის სამინისტროს აღარ შემოაქვს ვაქცინა და არ მოუწოდებს მოსახლეობას ვაქცინაციისკენ.