თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „უძველესი ვაზი“ (Ancient Vines ) მოამზადა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
22 წუთიან სიუჟეტში, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მომზადდა, საქართველოს ღვინის წარმოების 8 ათასწლიან ისტორიასა და მის აწმყოზეა საუბარი.
როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, ქართველი მეღვინეები ქვეყნის უძველეს ვაზის ჯიშებს აღადგენენ და მათ მსოფლიოს აცნობენ.
„როდესაც თბილისში ჩახვალ, შეუძლებელია, არ შეამჩნიო ქართლის დედა, რომელსაც ერთ ხელში ხმალი უჭირავს მტრებისთვის, ხოლო მეორე ხელში ღვინის ფიალა, მეგობრების მასპინძლობისთვის. ვაზი შეგხვდებათ ქუჩებშიც, აივნებზე გაშენებული“, - წერს გამოცემა.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ქართველ მწარმოებლებს მილიონობით ბოთლი ღვინო გააქვთ ექსპორტზე.
სიუჟეტში ალავერდის მონასტერში ღვინის წარმოების პროცესია აღბეჭდილი. ფილმში ასევე აღწერილი და ნაჩვენებია ქვევრის დამზადებისა და ღვინის წარმოებაში მისი გამოყენების პროცესი.
სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის, სახელმწიფო აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მასშტაბების გაზრდის მიზნით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანია CNN-ისთვის, ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს ტელეკომპანიის ეთერში.