14 წლის აითაჯის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი გაუპატიურების მუხლით დაუმძიმდა

ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგონა ქორწინების იძულების მიზნით გაიტაცა.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგამოძიებო უწყების ცნობით, 2023 წლის ზაფხულში ბრალდებულმა 14 წლის აითაჯ შახმანოვას უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება.ამის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა. თუმცა მისი ოჯახის წევრებმა ის უკან დააბრუნეს.

„ბრალდებული ქორწინებაში ყოფნის პერიოდში დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვანს აუპატიურებდა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ჩათვალა, რომ დაზარალებულმა გაქცევით შეურაცხყოფა მიაყენა და როგორც ქალს არ ჰქონდა საკუთარი პირადი ცხოვრების განკარგვისა და მასთან ქორწინებაზე უარის თქმის უფლება. მამაკაცმა 6 ოქტომბერს 14 წლის არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით), 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 137-ე (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
14 წლის არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნის დედასა და ბიძას ბრალდება ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მკვლელობაში ბრალდებულის ბიძასა და ბიძაშვილს აქვთ წარდგენილი.
საქმის დეტალები
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის ზაფხულში მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანს ქორწინების მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ბიძის სახლში მიიყვანა.
14 წლის „ცოლის“ მკვლელობა: პროკურატურა მსგავს სიტუაციაში მყოფებს დახმარებას ჰპირდება>>
აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისა და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენისა და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცველ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.
სასამართლოზე დადგინდა, რომ დედამ თავად შეურჩია თავის ქალიშვილს „ქმარი“, ხოლო მას შემდეგ, რაც გოგონამ გამტაცებელს თავი დააღწია, დედამ ის „ქმართან“ დააბრუნა და თავისი ქალიშვილის „გათხოვების“ ფაქტი დაუმალა იმ სკოლის პედაგოგებს, სადაც ბავშვი სწავლობდა.
მედიის ცნობით, გოგონა იყო გატაცებული და იმყოფებოდა დაურეგისტრირებელ ქორწინებაში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში. „ქმარმა“ არასრულწლოვანს მას შემდეგ ესროლა, რაც მან მორიგ ჯერზე გაქცევა სცადა. გარდაცვლილის დედის თქმით, სანამ მოკლავდა, სცემა და ხეზე მიაბა.
პროკურატურის ინფორმაციით, გოგონას სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ხუთი ჭრილობა აღენიშნება.