თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძლიერი ქარისა და შტორმის გამო, დასავლეთ საქართველოს ცალკეული რაიონების მოსახლეობას მოუწოდებს, სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან თავი შეიკავოს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს.
„მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს, შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 27-28 ნოემბერს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნავარაუდევია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 5-6-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.