თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 2023 წლის 10 თვეში 14 მილიარდი ლარი, ანუ წლიური გეგმის 83% შეადგინა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
დარჩენილ თვეებში - ნოემბერსა და დეკემბერში ბიუჯეტის შესასრულებლად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს 2,8 მილიარდი ლარის მობილიზება სჭირდება.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან ყველაზე მეტი თანხა დღგ-ზე მოდის, შემდეგ ადგილზეა საშემოსავლო და აქციზის გადასახადები.
შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წლის იანვარ–ოქტომბერში
გადასახადის სახე | თანხა, მლნ ლარი | წლიური გეგმის % |
დღგ | 5.618,8 | 82 |
საშემოსავლო გადასახადი | 4.631,5 | 84 |
მოგების გადასახადი | 1.704,7 | 85 |
აქციზის გადასახადი | 1.836,7 | 83 |
იმპორტის გადასახადი | 127,8 | 85 |
რაც შეეხება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან შემოსავლებს, ამან 103,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის, ანუ 200 მილიონი ლარის 51.8%-ია.