თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა TT Warsaw-ში მონაწილეობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვარშავის კონგრეს ჰოლში გამართული გამოფენა პოლონეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული სალონია და მასში ტურიზმის სექტორისა და ტურისტული ბიზნესის პროფესიონალი წარმომადგენლები მონაწილეობენ - TT Warsaw 2023 -ზე მსოფლიოს 50 ქვეყნის 247 კომპანიაა წარმოდგენილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სამეგრელოსა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 15-მდე ქართული ტურისტული კომპანია.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ძირითადი ტურისტული მიმართულებების შესახებ.
ტურიზმი საქართველოს შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. 2023 წლის მხოლოდ სამ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 3,3 მილიარდი დოლარი. შედარებისთვის, ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 2024 წლისთვის 7,6 მილიარდი დოლარის ოდენობით განისაზღვრა (15 ნოემბრის მდგომარეობით მოქმედი გაცვლითი კურსით).
2024 წელს საქართველოს ხელისუფლება ტურიზმის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 236 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს.