ორთაჭალაში არასრულწლოვანს სატვირთო დაეჯახა: პროკურატურამ მძღოლს ბრალდება წარუდგინა

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ორთაჭალაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რასაც არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შემთხვევა თბილისში 21 ნოემბერს მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვახტანგ გორგასლისა და ბ. კალანდაძის ქუჩების კვეთასთან, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მძღოლი შემთხვევის დღესვე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს