პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით ბაქოში გაემგზავრა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავრობის მეთაური ბაქოში SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. ღონისძიება 24 ნოემბერს გაიმართება.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა - ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.
„შეხვედრაზე განხილული იქნება რიგი საკითხები, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ისე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხებიც, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია მწვანე ენერგიის პროექტი და შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოებას, ენერგიის ექსპორტს ევროპის მიმართულებით", - განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ასევე განიხილება ლოჯისტიკური საკითხები, სატრანსპორტო დერეფანი და ამ მიმართულებით ახალი პროექტების წამოწყება. როგორც ელჩმა აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის გაფართოება და დასრულება.
SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.
აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს, როგორებიცაა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, გაზსადენი TANAP, ბაქო–ჯეიჰანის და ბაქო–სუფსის ნავთობსადენები.
აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.