აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობა არასასურველი გახდა

USAID-მა, რომელიც აზერბაიჯანში 30 წელზე მეტია მუშაობდა, მის საქმიანობასთან დაკავშირებული მორიგი სკანდალის გამო შესაძლოა ქვეყანა დატოვოს
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ბაქო მკვეთრად გამოეხმაურა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის განცხადებებს, რომელმაც სომხებს, რომლებმაც აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონი დატოვეს, „იძულებით გადაადგილებული პირები" უწოდა.
გამოხმაურება აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროდან და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მოხდა, იტყობინება Sputnik-აზერბაიჯანი.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პაუერი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის დროს შეხვდა სომხეთში გამგზავრებულ სომხებს, მაგრამ მეორე დღეს უარი თქვა აზერბაიჯანელ ლტოლვილებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრაზე, რომლებსაც სომხური აგრესიის გამო ფუნდამენტური უფლებები დაკარგული ჰქონდათ.
„სამანტა პაუერი, რომელიც თავის დროზე Aurora-ს პრემიით იყო დაჯილდოვებული, შეეკრა ამ ფონდის დამფუძნებელს, ცნობილ ოლიგარქსა და „ბინძური ფულის" გამთეთრებელს რუბენ ვარდანიანს. ამის შესახებ Sputnik-აზერბაიჯანის კორესპონდენტთან საუბარში პოლიტოლოგმა რიზვან ჰუსეინოვმა განაცხადა.
პოლიტოლოგის აზრით, პაუერის მიკერძოებული დამოკიდებულება სრულად შეესაბამება აშშ-ის პოლიტიკას, რაც ვლინდებოდა 90-იანი წლების დასაწყისშიც, როდესაც მათ მიიღეს 907-ე შესწორება აზერბაიჯანთან დაკავშირებით, რომლის ტერიტორიები დაიპყრო სომხეთმა და მოსახლეობა ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდა.
„ამჟამად შეერთებული შტატები საფრანგეთთან ერთად ცდილობს ხელი შეუშალოს რეგიონში აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის და ირანის მიერ დამყარებულ პოზიტიურ ტენდენციებს“, - ამბობს რიზვან ჰუსეინოვი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჰიკმეთ ჰაჯიევმა სოციალურ ქსელში პაუერის განცხადებებთან დაკავშირებით პუბლიკაცია გამოაქვეყნა. მან გაიხსენა, რომ პაუერს გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ყოფნისას არასოდეს დაუყენებია აზერბაიჯანელი ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სავალალო მდგომარეობის საკითხი და არ მოუთხოვია უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება.
„ნიღბები მოხსნილია! აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადგილი აზერბაიჯანში აღარ აქვს!" – ნათქვამია პრეზიდენტის თანაშემწის სტატიაში.

USAID-ის საქმიანობა აზერბაიჯანში

USAID არის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ფედერალური ორგანო და მის ხელმძღვანელობას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ნიშნავს. სააგენტო აზერბაიჯანში 1991 წლიდან ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია თავისი მუშაობის პირველ წლებში ეწეოდა მეწარმეობის დახმარებას. კერძოდ, USAID ახორციელებდა პროგრამებს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. ღია მონაცემებით, მისი დაფინანსებით მოეწყო ათობით სოციალური ობიექტი, განხორციელდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტები.
1991 წლიდან USAID-მა აზერბაიჯანში 431 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ოფიციალურად ეს თანხები იხარჯებოდა ჰუმანიტარულ პროგრამებზე, ჯანდაცვაზე, ეკონომიკურ და მენეჯმენტის რეფორმებზე. მაგრამ არა მხოლოდ მათზე.
ამავდროულად, ამ სააგენტომ დიდი ყურადღება დაუთმო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას. ამერიკელები ატარებდნენ პოლიტიკას, რომლის დროსაც მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები გახდნენ „რბილი ძალის“ პოლიტიკის გამტარებლები აზერბაიჯანსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორიცაა National Endowment for Democracy (NED), მარშალის ფონდი, საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლის საბჭო (IREX) და ათობით სხვა, იყო გავლენის მოხდენის მცდელობები ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და ხელისუფლებაში ვაშინგტონისთვის ხელსაყრელი რეჟიმების დამყარების მცდელობები. მსგავსი პროცესები მკვეთრად გამოიხატა უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, ყირგიზეთსა და სომხეთში.
აღსანიშნავია, რომ USAID, ფაქტობრივად, ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთი დანაყოფია. ეს სტრუქტურა ამჟამად დახმარების გაწევის საფარქვეშ აქტიურად ერევა ცალკეული ქვეყნების საშინაო საქმეებში. და შემთხვევითი არ არის, რომ მან 2023-2025 წლებში 9,5 მილიარდი დოლარი გამოყო სხვადასხვა ქვეყანაში „სამოქალაქო საზოგადოების“ შესაქმნელად. ეჭვგარეშეა, რომ ეს თანხები „დემოკრატიული დოქტრინის“ ფარგლებში გამოყენებული იქნება რიგ სახელმწიფოებში გადატრიალების გეგმების განსახორციელებლად.

დრო იცვლება, USAID-ის პრინციპები რჩება

ახლა აღარ არის საჭირო ახალ წარმატებულ „ფერად რევოლუციებზე“ საუბარი. ისინი ისტორიის ნაწილი გახდნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზღვარგარეთის ემისარებმა ხელი აიღეს გამოცდილ ტექნოლოგიებზე.
ამჟამად USAID-ის განსაკუთრებული ყურადღების ზონაშია აზერბაიჯანის მეზობელი საქართველო. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში ქვეყანაში ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციის საქმიანობას ფარდა ახადეს. სპეციალურმა ორგანოებმა შეიტყვეს, რომ USAID-მა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად თბილისში ჩაატარა ერთობლივი ტრენინგი „ავადმყოფთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის“ თემაზე. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ მონაწილეებს სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მეთოდებს ასწავლიდნენ.
„USAID-მა უნდა განმარტოს, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად, იმ ჯგუფების მომზადებაზე, რომლებიც გეგმავენ არეულობას და ძალადობის პროვოცირებას“, - განაცხადა ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
USAID მსგავსი საქმიანობის განხორციელებას აზერბაიჯანშიც ცდილობდა. მაგრამ შესაბამისი კანონების მიღების შემდეგ, რომლებიც პოლიტიკურ ორგანიზაციებს უცხოეთიდან გრანტების მიღების საშუალებას არ აძლევენ, USAID-მა ძირითადი ყურადღება გადაიტანა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის ფემინისტებსა და არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების დამცველებზე. თუმცა აზერბაიჯანში დასავლურმა ტექნოლოგიებმა გასაგები მიზეზების გამო არ იმუშავა.