უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში 51 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ირაკლი ქურციკიძე საომარი მოქმედებების დროს, 10 ნოემბერს დაიღუპა - იგი ერთ-ერთიშეტევითი ოპერაციის დროს სამხედრო ტექნიკის აფეთქებას ემსხვერპლა. ქურციკიძე უკრაინაში 2022 წლის მაისიდან იბრძოდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები იმყოფებოდნენ. დაღუპული მებრძოლი რუსთავში თავის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს და შაბათს დაკრძალავენ.
2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში უკვე 51 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.