თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ძალოსნობაში მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე 10 მედალი მოიპოვეს, იუწყება ფედერაციის პრეს–სამსახური.
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდელთა შორის გვადალახარაში 15 ნოემბერს დაიწყო.
მარიამ მურღვლიანმა (87 კგ წონითი კატეგორია) ატაცში თავი 95/99/102 კილოგრამს გაართვა, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. ძალოსანმა აკვრაში 120/123 კგ დაძლია და კვლავ ოქროს მედალი დაისაკუთრა. მარიამ მურღვლიანი ორჭიდში მოგროვილი 225 კილოგრამითაც ოქროს მედალს დაეუფლა.
17 წლის ძალოსნის დებიუტი 2021 წელს შედგა, როდესაც მურღვლიანმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიგო. ის პირველი ძალოსანი ქალი გახდა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც საქართველოს ნაკრებს კონტინენტის პირველობის ოქრო მოუტანა.
ვაჟთა შორის ნაკრებს პირველი მედლები საბა ასანიძემ მოუტანა. მსოფლიო პრიზიორის ანგარიშზე ბრინჯაოს ორი მედალია.
ძალოსანთა ყულაბას კიდევ ორი მედალი გურამ ვეკუამ მოუტანა. ორჭიდში ძალოსანმა 358 კგ ასწია. კიდევ ერთი ბრინჯაო ზურაბ მსხალაძის ანგარიშზეა.
ტურნირის ბოლო დღეს კიდევ ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაო გიორგი კირვალიძემ აიღო (109 კგ). ორჭიდში მან 364 კგ ასწია.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელია მალხაზ ლომთაძე.
მსოფლიო ჩემპიონატი U-20 ძალოსნობაში 23 ნოემბერს დასრულდა.