თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. „გირჩი“ არასოდეს გაერთიანდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე 5 პროცენტიანი ბარიერის გადასალახავად პარტიას არ სჭირდება ვინმესთან გაერთიანება, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გვერდზე სოციალურ ქსელში გაჩნდა განცხადება, რომ ეროვნული ბანკის გაუქმებისა და ეკონომიკის ევროზე გადაყვანის აუცილებლობის შესახებ მისი განცხადების შემდეგ აღმოჩნდა, რომ იგივე სურს იაგო ხვიჩიას პარტიას „გირჩს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს გაერთიანების საფუძველია.
„მე და ჩემს სხვა მეგობრებსაც, რომლებიც ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს, არ გვჭირდება ვინმესთან გავერთიანდეთ ბარიერის გადასალახად. ჩვენ გვინდა ადამიანების ნდობა გვქონდეს იმდენი, რომ ჩვენით შევძლოთ ბარიერის გადალახვა და მხოლოდ ამის შემდეგ, ბარიერგადალახულები მივიდეთ სხვასთან სალაპარაკოდ, როგორ მოვაწყოთ ეს ქვეყანა“, - განაცხადა ხვიჩიამ.
დეპუტატის თქმით, საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ისწავლოს თანამშრომლობა კონკრეტულ საკითხებზე, რადგან იდეოლოგიური ერთიანობა ვიღაცის მიერ დაწერილი წერილის შემდეგ ერთ დღეში ვერ მიიღწევა.
„კარგია, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობის ინიციატივით რომ გამოვიდა. ჩვენ რაც შეგვეხებოდა, ეს იყო ეროვნული ბანკი და დიდი ამნისტიის თემა. შემდეგ თუ ეს კარგი პრეცედენტები გაგრძელდება, ამას ექნება ინტენსიური ხასიათი, ეს აჩვენებს ტენდენციებს, თორემ ერთი მერცხალი, თუ ბულბულის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, ხომ გაგიგიათ?“ - განაცხადა ხვიჩიამ.
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი"-20%. მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".
ტელეარხ „ფორმულას" კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" (9%), პარტიებს „ლელო საქართველოსთვის" (5%), „გირჩი/დროა" – 4%.
კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო „ხალხის ძალამ", „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.