დეპუტატი: „ნაცმოძრაობა" ფანტაზიებში ცხოვრობს

პოლიტიკოსის თქმით, შესაძლოა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამ პარტიის რეიტინგი არსებულზე გაცილებით დაბალი იყოს
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დიდ ილუზიებშია და რეალობისგან შორს არის, შიდაპარტიული კონფლიქტი კი სულ უფრო აშკარა ხდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით მათიკაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
„ნაცმოძრაობა“ ხელმოცარულია, ისინი რეალობას მოწყვეტილი და დიდ ილუზიებში არიან. არ ვიცი, რა პრემიერ-მინისტრებს ასახელებენ, რომელ სივრცეში, რომელ ფანტაზიებში ცხოვრობენ. ერთი, რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს, არის შიდა რღვევა ამ პარტიაში, რომელიც უკვე პარტიის გარეთ გამოედინება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ, შესაძლოა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამ პარტიის რეიტინგი გაცილებით დაბალი იყოს, ვიდრე ის დღეს არის.
ცვლილებები არ იქნება - პარლამენტის სპიკერი პარტიებს არჩევნებისთვის მზადებისკენ მოუწოდებს>>>
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი"-20%. მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".
ტელეარხ „ფორმულას" კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" (9%), პარტიებს „ლელო საქართველოსთვის" (5%), „გირჩი/დროა" – 4%.
კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო „ხალხის ძალამ", „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"
ადრე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე „უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში".
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.