თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2023 წლის ათ თვეში, საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1.015,024 შეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა 2019 წელს დაფიქსირდა. მიმდინარე წლის ათ თვეში 2019 წლის მონაცემები 90%-ით არის აღდგენილი.
მტირალას ეროვნული პარკი
© photo: Sputnik / Stringer
საქართველოს პოპულარული ნაკრძალების ტოპ-ხუთეულში შედის პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, წალკის კანიონი და მტირალას ეროვნული პარკი. საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი.
2022 წელთან შედარებით, 29%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობაც. 2023 წელს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა შორის 58% (589.841 ვიზიტორი) უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
საქართველოში ჯამში 100 დაცული ტერიტორიაა. მათი საერთო ფართობი 900 ათას ჰექტარს აჭარბებს და ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს იკავებს. მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს უნიკალური ბუნებისა და მრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.