ავტოდილერმა მოქალაქეების თანხები მიითვისა: დაკავებულია უცხოეთის მოქალაქე

ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა, ამ დროისთვის ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი— Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ შპს „პრემიუმ ქარ საქართველო“ დაარეგისტრირა და ინტერნეტში კომპანიის სახელით ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა.
ბრალდებულმა ავტომანქანის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა, 17 მოქალაქისგან ჯამში 416 451,79 ლარი მიიღო და მიიმალა.
მას ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 16 ეპიზოდი) წარედგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.