„112“-ის საჯარიმო ავტოსადგომებზე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები გაიხსნა

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები თბილისში, ორ ლოკაციაზე გაიხსნა.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საჯარიმო ავტოსადგომებზე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები გაიხსნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომსახურების ცენტრებში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კომფორტულ გარემოში, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადმოყვანის და დგომის საფასურის დადგენა/გადახდა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დავალიანების შესახებ ცნობის მიღება და ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომიდან გაყვანისთვის სხვა საჭირო პროცედურების განხორციელება.
მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები თბილისში ორ ლოკაციაზე გაიხსნა და „112“-ის საჯარიმო ავტოსადგომების მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს.
„112“-ში ევაკუატორით გადაადგილების სერვისი 2014 წელს დაინერგა. მის მთავარ მიზანს ადმინისტრაციული დარღვევებისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების დროს, დროებით ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საჯარიმო სადგომზე დროული და უსაფრთხო გადაყვანა/განთავსება წარმოადგენს.
რა შემთხვევაში ხვდება ავტომობილი საჯარიმოზე
ავტოტრანსპორტი, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას ექვემდებარება თუ ავტომობილი გაჩერებულია „დგომა აკრძალულია“ და „გაჩერება აკრძალულია“ საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გადაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს;
თუ ავტომობილი გაჩერებულია ფასიანი პარკირების ზონაში 12 საათზე მეტხანს და არ არის გადახდილი პარკირების საფასური;
თუ ავტომობილი გაჩერებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გამოყოფილ სპეციალურ პარკირების ადგილზე და ავტომობილზე არ არის შესაბამისი საცნობი ნიშანი დამაგრებული;
თუ ავტომობილის პარკირება ხელს უშლის საგზაო მოძრაობას და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს;
დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების სხვა დარღვევის შემთხვევაში, თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას;
სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასური 150 ლარია, ხოლო საჯარიმო სადგომზე დამატებით დგომის ფასი 20 ლარი.