თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქტიური პორტალის პრეზენტაცია მოაწყო, სადაც თავმოყრილია სტატისტიკური მონაცემები ბავშვებისა და მოზარდების შესახებ, ნათქვამია უწყების პრეს–სამსახურის განცხადებაში.
სტატისტიკური მონაცემები ბავშვებისა და მოზარდების შესახებ მომხმარებელს აძლევს საშუალებას, შეისწავლოს და გააანალიზოს სტატისტიკური მონაცემები ბავშვებისა და მოზარდების შესახებ ინტერაქტიური გრაფიკებისა და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების მეშვეობით.
პორტალი ათი მოდულისგან შედგება: მოსახლეობა, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, სოციალური უზრუნველყოფა, ცხოვრების დონე, დასაქმება და უმუშევრობა, ტურიზმი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სხვ.
გარდა ამისა, პორტალზე ასევე წარმოდგენილია ბავშვებთან და მოზარდებთან დაკავშირებული მდგრადი განვითარების მაჩვენებლები, სტატისტიკური პუბლიკაციები, შესაბამისი კანონმდებლობა, ბმულები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
პორტალი „საქსტატმა“ გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.
„საქსტატის“ მიზანია აწარმოოს და საზოგადოებას შესთავაზოს მაღალი ხარისხის მონაცემები ისეთი ფორმით, რომელიც აიოლებს მის გამოყენებას და გააუმჯობესებს დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს ნებისმიერ დონეზე.