თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. უმუშევრობის დონემ 2023 წლის მესამე კვარტალში 15,6% შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტალთან შეადრებით 1,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
2023 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე საქართველოში 16,7% იყო, პირველ კვარტალში - 18%, 2022 წლის მეოთხე კვარტალში - 16,1%, მესამე კვარტალში - 15,6%, მეორე კვარტალში - 18,1%, ხოლო პირველ კვარტალში – 19,4%.
უმუშევრობა ციფრებში
უმუშევრობის დონემ 2023 წლის მესამე კვარტალში 15,6% შეადგინა და 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
უმუშევართა რაოდენობა 2023 წლის მესამე კვარტალში 1,4 ათასით, ანუ 0,6%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 252,2 ათასი ადამიანი შეადგინა,
„საქსტატის“ ინფორმაციით, უმუშევრობის დონე სოფლად გაცილებით დაბალია, ვიდრე ქალაქებში. 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უმუშევრობა ქალაქური ტიპის დასახლებებში შემცირდა. ქალაქებში უმუშევრობის დონე 0,4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლებში შემცირდა 0,6%-ით. მიუხედავად ამისა, უმუშევრობის დონე ქალაქებში უფრო მეტია, ვიდრე სოფლებში – 16,7% 13,9%-თან.
ტრადიციულად უმუშევრობა მამაკაცებში უფრო მეტია. ქალებს შორის უმუშევრობის დონემ 14,5% შეადგინა. თუ 2023 წლის მონაცემებს 2022 წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შევადარებთ, მამაკაცებს შორის უმუშევრობის დონე გაიზარდა 0,1 პროცენტული პუნქტით 17,7%-მდე, ხოლო ქალებში – 0,2%-ით (13,8%-მდე).
მოსახლეობის აქტიურობა
ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.
„2023 წლის III კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53,6 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 0,1 პროცენტული პუნქტით და 45,3 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
2023 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69% შეადგინა.
დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 29,3 ათასი კაცით (3,2%) და 943,2 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 21,5 ათასით შემცირდა (4,8%) და 422,8 ათასი შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43,1 პროცენტს, ხოლო კაცებში 66%-ს
შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0,4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0,7 პროცენტული პუნქტით.