ეკონომიკის ზრდა დასაქმებულთა რიცხვს გაზრდის - მინისტრის მოადგილე

2023 წლის მესამე კვარტალში დასაქმების დონემ საქართველოში 45,3% შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, მიიჩნევს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს, რაც დადებითად აისახება ქვეყანაში დასაქმებულების რაოდენობის ზრდაზე, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი დაიწყო, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა. დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5%, ხოლო 2022 წელს - 10,4% შეადგინა.
„ჩვენ ველოდებით, რომ მომდევნო წლებშიც გაგრძელდება ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, რაც თავისთავად პოზიტიურად აისახება როგორც დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე, ასევე სიღარიბის შემცირებაზე", - განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები საქართველოში უკვე მესამე წელია შენარჩუნებულია, და ამ მაჩვენებლით საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ისე ევროპულ ქვეყნებს შორის, რაც შრომის ბაზრის ტენდენციებზე დადებით გავლენას ახდენს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მონაცემებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის სექტემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,1% შეადგინა. მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 6,8% შეადგინა.
ცინცაძემ აღნიშნა, რომ 2023 წლის მესამე კვარტალში დასაქმების დონემ საქართველოში 45,3% შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში - ახალი მონაცემები>>
„2023 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 7,7 ათასით გაიზარდა და კვარტალურ ჭრილში რეკორდულ მაჩვენებელს 1.366,3 ათასს მიაღწია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც და 45,3% შეადგენს", - განაცხადა ცინცაძემ.
დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 2023 წლის მესამე კვარტალში 29,3 ათასით გაიზარდა, და 943,2 ათასი შეადგინა. თვითდასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 5%-ით (21,5 ათასი ადამიანი) შემცირდა და 422,8 ათასი შეადგინა. ცინცაძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ თვითდასაქმებულები დაქირავებით დასაქმებულთა რიგებში გადადიან.
სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის დონემ საქართველოში 2023 წლის მესამე კვარტალში 15,6% შეადგინა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა.