თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად უკვე მეოთხედ, ორი წლის ვადით აირჩიეს, ნათქვამია სავაჭრო–სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პერტაია პარალელურად არის ევროპალატის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სამეზობლო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
ევროპალატების დირექტორთა საბჭოს არჩევნები ბრიუსელში, ევროპალატის გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც არჩეულ იქნა ევროპალატის პრეზიდენტი ვლადიმირ დლოუჰი და ვიცე-პრეზიდენტები.
ასამბლეის მონაწილეებმა განიხილეს 2024 წლის ბიუჯეტირების პროექტი და ევროპალატის გრძელვადიანი ფინანსური განვითარების საკითხები, ასევე 2023-2024 წლების ძირითადი აქტივობები და ღონისძიებები.
ევროპალატა ევროკავშირში უმსხვილესი ბიზნეს-ასოციაციაა. იგი მოიცავს 43 ევროპულ ქვეყანას, აერთიანებს 45 ასოცირებულ წევრს და 20 მილიონ საწარმოს, ასევე 1,7 ათას რეგიონულ და ადგილობრივ სავაჭრო პალატებს.
საქართველოს სავაჭრო პალატა ევროპალატის წევრი 2000 წელს გახდა და, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, აფილირებული წევრის სტატუსით სარგებლობს.