თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები 20-დან 22 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ - მოსალოდნელია წვიმა, მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ქარბუქი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
ზღვაზე სავარაუდოა ოთხ-ხუთბალიანი შტორმი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს. მთიან რაიონებში შესაძლოა გააქტიურდეს მეწყრული და ღვარცოფული პროცესები.
მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ქარბუქის და ხილვადობის გაუარესების საფრთხის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია მოძრაობის შეზღუდვა (საფრთხის დონე მაღალია), ნათქვამია შეტყობინებაში.