2024 წლის ბოლოს საქართველოში მიწის ფონდის სრული სურათი შეიქმნება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება 458 573-ზეა რეგისტრირებული.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში მიწების რეგისტრაციის პროცესი 2024 წლის ბოლოს დასრულდება და ქვეყანას მიწის ფონდის შესახებ სრული მონაცემები ექნება, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.
2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.
მინისტრის თქმით, პროექტის დაწყებამდე სოფლების 80% იყო დაუმისამართებელი, ყველა სახლს არ ჰქონდა მისამართი, ხოლო სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა 354.927 მისამართი.
„2022 წელს დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამ რეფორმის ფარგლებში ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა თითოეული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვინაობა - არის ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება თუ ფიზიკური პირის. ამ პროექტის დასრულების შემდგომ, რომელიც, ფაქტობრივად, 2024 წლის დასაწყისში დასრულდება, საქართველოში ყველა სახლს ექნება მისამართი“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრის თქმით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აზომილია 580.247 მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება 458.573-ზეა რეგისტრირებული.
პროექტის დასრულების შემდეგ მოქალაქეები რეგისტრაციაში მხოლოდ ცვლილებების შეტანას შეძლებენ.
რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან შეღავათების მიღების მთავარ პირობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს.