საქართველოში სამხედრო მოხალისეების უკანონო შენაერთები იკრძალება

სამხედრო მოხალისეების ორგანიზაციები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების მონაწილეობით
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სამხედრო მოხალისეობის სფეროში საქმიანობისთვის და არალეგალური ორგანიზაციების დახმარებისთვის საქართველოში 2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება, სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მიიღო.
2023 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს თავდაცვის განახლებული კოდექსი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, არეგულირებს სამხედრო მოხალისეების საკითხებს.
ამ ცვლილებების მიხედვით, საქართველოში თავდაცვის სფეროში მოქმედი მოხალისეთა ორგანიზაციები შეიძლება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თავდაცვის მოხალისე“ მონაწილეობით შეიქმნას. ამასთან ორგანიზაციამ უნდა დააკმაყოფილოს თავდაცვის სამინისტროს ყველა მოთხოვნა და მიიღოს რეგისტრაცია და სტატუსი თავდაცვის უწყებისგან.
ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე უკანონო ფორმირების შექმნის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით.
ხოლო ასეთი ორგანიზაციისთვის სახსრების ან ქონების გადაცემა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე ვადით.
იურიდიული პირებისთვის სასჯელი იქნება ჯარიმა საქმიანობის აკრძალვით ან ლიკვიდაციით.
სამხედრო მოხალისის სტატუსი ენიჭება 18 წელზე უფროსი ასაკის პირს, რომლებმაც გაიარა შესაბამისი მომზადება, დარეგისტრირდა მოხალისეთა რეესტრში და გააფორმა მოხალისეობითი ხელშეკრულება.
გარდა ამისა, მოხალისის სტატუსის მიღება შეუძლიათ ვეტერანებს, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს და ხელი მოაწერეს სახელმწიფოსთან მოხალისეობის შესახებ ხელშეკრულებას.
სამხედრო მოხალისეობა არ ითვალისწინებს ანაზღაურებას და შრომით ხელშეკრულებას ვერ ჩაანაცვლებს; მოხალისეთა ძალების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციების დროს.