თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების რიგით 21-ე საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech საუკეთესო პლატფორმაა საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და აგროპროდუქტების პოპულარიზაციისთვის, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ ღონისძიების გახსნაზე.
Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023 საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს მე-11 პავილინში 17 ნოემბერს გაიხსნა და 19 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება, ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაცია და ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობა.
„აღნიშნული გამოფენა 21-წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიებაა და წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას მწარმოებლებისთვის საქმიანი კონტაქტების დამყარების და სამიზნე აუდიტორიისთვის საკუთარი პროდუქციის გაცნობისთვის. ყოველწლიურად, გამოფენა სულ უფრო მეტ ვიზიტორს და მონაწილეს მასპინძლობს", - განაცხადა კაკაბაძემ.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღონისძიების მუდმივი პარტნიორია.
„ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ისეთი ღონისძიების მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს როგორც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე ეხმარება ჩვენ მეწარმეებსა და ფერმერებს, გაზარდონ წარმოება და საექსპორტო შესაძლებლობები“, - აღნიშნა კაკაბაძემ.
გამოფენაში რვა ქვეყნის (საქართველო, იტალია, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა, ინდოეთი, ჩინეთი, ბელარუსი) 70 კომპანია მონაწილეობს.
გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები და სხვა. გამოფენაზე დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი კვების მრეწველობის პროდუქცია.
გამოფენის პარალელურად, Expo Georgia-ში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. ჩატარდა სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის გეგმები და შესაძლებლობები“.
გარდა ამისა, 17-18 ნოემბერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) პარტნიორობით, იმართება „აგრობაზარი“, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს და შეიძინოს მაღალი ხარისხის ქართული ავთენტური პროდუქცია (რძის ნაწარმი, ლორი, თაფლი, ჩირი, ჩურჩხელა, მურაბა, აჯიკა, ჩაი და სხვა).