გლობალური დათბობა და დაავადებები – საქართველოში WOAH საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

სპეციალისტებმა, სხვა დანარჩენთან ერთად, განიხილეს ცხოველთა პროფილაქტიკური ვაქცინაციის საკითხი
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც სპეციალისტებმა, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გლობალური დათბობის პირობებში არსებული დაავადებები განიხილეს, ნათქვამია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 65 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის, ონლაინ-ფორმატში.
„მოგეხსენებათ, გლობალური დათბობის პირობებში იზრდება სხვადასხვა ზოონოზური (ადამიანის და ცხოველის საერთო დაავადება) და არაზოონოზური დაავადების გავრცელების რისკები. ორგანიზაციის წევრი-ქვეყნების და შესაბამისი უწყებების ჩართულობით, WOAH-ის კონფერენციაზე ერთიანი ჯანდაცვის ფორმატში განვიხილავთ დაავადებების ზედამხედველობის და პრევენციის საკითხებს“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, WOAH-ის ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტმა ვასილ ბასილაძემ.
ორგანიზაციის წევრებმა, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, იმსჯელეს გლობალური და რეგიონული სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე, რომელიც პროფილაქტიკურ ვაქცინაციებს, ზედამხედველობას, ცნობიერების ამაღლებას და დაავადების შემთხვევის დროს სწრაფ რეაგირებას გულისხმობს.
„მრგვალი მაგიდის ფორმატში განვიხილავთ მწერებისგან გამოწვეულ ვექტორულ დაავადებებს, რაც უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ცხოველთა ჯანმრთელობის, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს დიდი პროგრესი ვეტერინარიის მიმართულებით, იქნება ეს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა თუ ვეტერინარული დაავადებების კონტროლი“, - აღნიშნა WOAH-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა ბუდიმირ პლავჩიჩმა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორგანიზაციის წევრებმა დაათვალიერეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია.