თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. 400-მდე ქართველი ავტორ-შემსრულებელი ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია IPOA-ში გაერთიანდა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს" ახალი ორგანიზაციისთვის აკრედიტაციის მინიჭების თხოვნით წერილით მიმართა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
საქართველოში 2023 წლის 26 ივლისს ძალაში შევიდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონში ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის (CMO) საქმიანობის საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტებით რეგულირებას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესი.
„ავტორებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო „საქპატენტის" დაკვეთით GCA-ში (საქართველოს საავტორო უფლებებს ასოციაცია - რედ.) ჩატარებული აუდიტორული შემოწმება, რომლის დასკვნით დადასტურდა, მანამდე ხელოვანთა მხრიდან არაერთხელ საჯაროდ გავრცელებული ვარაუდი, რომ ჰონორარების განაწილება ბუნდოვნად და უსამართლოდ ხდებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.
დასკვნამ აჩვენა, რომ რიგ შემთხვევებში კოლექტიური მართვის ორგანიზაციები, უფრო სწორად კი ადმინისტრაციული პერსონალის ნაწილი, შეგროვებული ჰონორარებიდან თითქმის ნახევარს, საკუთარი კეთილდღეობისათვის მოიხმარდა.
ავტორების პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, გაუმართლებელია არსებობდეს რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც ცალ-ცალკე, უფლებათა კატეგორიის მიხედვით შეაგროვებენ ავტორების კუთვნილ ჰონორარს, ეს ნიშნავს, რომ რამდენი ასეთი ორგანიზაციაც იქნება, იმდენად მეტი ადმინისტრაციული ხარჯი უნდა გაიღონ ავტორებმა თავისი ჰონორარებიდან, იქნება ეს ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები, შესაფერისი ტექნიკური აღჭურვის, თუ ინფრასტრუქტურული ხარჯები.
სწორად ამიტომაც ქართველი ავტორ-შემსრულებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საჭიროა არსებობდეს ერთი, კარგად მართული ორგანიზაცია, რომელიც გააერთიანებს ავტორ-შემსრულებლებს ყველა კოლექტიური მართვის ორგანიზაციიდან.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია GERA-ს (საქართველოს უფლებათა მფლობელთა ასოციაცია) ავტორებთან და მოქმედ ხელმძღვანელებთან.
რათა ახალ პლატფორმას ჰქონდეს შესაბამისი სამართლებრივი და მატერიალური ბაზა. ავტორ-შემსრულებელთა გადაწყვეტილებით, განახლდება ორგანიზაციის გამგეობის, ავტორთა საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობები, სადაც გაერთიანდებიან ის ავტორები, რომლებიც დღეის მდგომარეობით წარმოადგენენ საქართველოში მოქმედ ყველა ავტორს.