თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ ანდობს საკუთარ კეთილდღეობას ღარიბ ადამიანებს, რომლებსაც ტაქსის მძღოლებზე დაბალი ხელფასი აქვთ, განაცხადა პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ერთ-ერთმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
15 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომელიც კანონმდებლებისთვის ხელფასების გაზრდას ითვალისწინებს. ცვლილებები 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
„ჩვენ თუ მართლა პარლამენტი და ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ვართ, ჩვენ თუ 25-მილიარდიან ბიუჯეტს ვმართავთ და ჩვენ გვაქვს 0.04% (6 ათას ლარზე დავთვალე საშუალო ხელფასები), რომელი ჭკუათმყოფელი ანდობს თავის კომპანიას და თავის კეთილდღეობას ღატაკ ადამიანებს, რომელთაც ტაქსის მძღოლებზე დაბალი ხელფასი აქვთ", - განაცხადა მეგრელიშვილმა.
გამოდის, რომ დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე დასაქმებულ ადამიანებს შეუძლიათ მეტი გამოიმუშაონ, ვიდრე პარლამენტში, დასძინა დეპუტატმა.
დღეისათვის საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასი, თანამდებობის მიხედვით, 4-დან 7 ათას ლარამდე მერყეობს. ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში კი 8-10 ათასამდე გაიზრდება.