სახელმწიფოს თანამშრომლობა კერძო სექტორთან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის: დავითაშვილი

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს და მიესალმება კერძო სექტორის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს და ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას აშენებს, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ლისაბონში ტექნოლოგიურ სამიტზე Web Summit 2023 სიტყვით გამოსვლისას.
დავითაშვილი მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაზე "ინოვაციები ან დარეგულირება (Innovate or regulate). Web Summit 2023 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ღონისძიებაა, რომელშიც 160 ქვეყნის 70 ათასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. მთელი მსოფლიოდან ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად სამიტში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ქართული კომპანიებიც მონაწილეობენ.
„ჩვენ ვაშენებთ ცოდნაზე ორიენტირებულ ეკონომიკას და ვფიქრობ, Web Summit ეფექტური პლატფორმაა ერთმანეთთან ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა კარგად აცნობიერებს, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო პარტნიორობით, საერთო ხედვის ჩამოყალიბების ხელშეწყობით და თანამშრომლობის კულტურის განვითარებით შესაძლებელია ერთობლივად გაუხსნან გზა ტრანსფორმაციულ ცვლილებებს კრეატიულობისა და რესურსების სიმდიდრისკენ, რაც ყველას პროგრესსა და კეთილდღეობას მოუტანს.
„კერძო სექტორთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოში, რაც საშუალებას იძლევა, მთავრობა იყოს უფრო ღია, ხოლო კერძო სექტორი იყოს არა მხოლოდ მომსახურების სერვისის კონტრაქტორი, არამედ ინოვაციური პროცესის ნაწილი, რომ უფრო მეტი ღირებულება შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ციფრულ ტრანსფორმაციებს, ასევე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მთავრობებთან აქტიური თანამშრომლობა ქვეყნის ტექნიკური ეკოსისტემის მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის.
საქართველოს ვიცე-პრემიერი ინოვაციური სტარტაპების განვითარებაზე>>
მინისტრის თქმით, ქვეყანაში დანერგილია ტექნოლოგიები, რომლებიც ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს და მიესალმება კერძო სექტორის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს.
„ჩვენ ვაღიარებთ იმ ფასდაუდებელ წვლილს, რომელიც კერძო საწარმოებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ გამოწვევების დასაძლევად, ასევე მდგრადი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობების შესაქმნელად", - განაცხადა დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნო ის ინიციატივები, მათ შორის, საგადასახადო შეღავათები საერთაშორისო IT კომპანიებისთვის, რომელთა შედეგად საქართველოში შემოვიდა 100-ზე მეტი IT კომპანია და დასაქმდა 10 ათასზე მეტი ადგილობრივი თუ რეგიონალური სპეციალისტი.
დავითაშვილის შეფასებით, საქართველო ქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესგარემოს, რაც საერთაშორისო რეიტინგებითაც დასტურდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს