თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილები, რომელიც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება, ნათქვამია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ცვლილებებში, რომლებიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
საქართველოში 2020 წლიდან დადგენილია აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დღისა და ღამის საათებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დღეისათვის წესების დარღვევა პირველ ჯერზე მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს.
ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტება დღისა და ღამის საათებში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირის შემთხვევაში 150 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში -1500 ლარი.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის იქნება 500 ლარი (150-ის ნაცვლად), ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის - 5000 ლარი (500 ლარის ნაცვლად).
მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმის ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრება (300 ლარის ნაცვლად), ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმისთვის - 10.000 ლარით (1000 ლარის ნაცვლად).
კანონპროექტის ავტორებმა - დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან - სასჯელის გამკაცრების მიზეზად დარღვევების მზარდი რაოდენობა დაასახელეს. მათივე ინფორმაციით, 2021 წელს 148 დარღვევა დაფიქსირდა, 2022 წელს – 253, ხოლო 2023 წლის აგვისტოსთვის 344 დარღვევა.
ხმაურზე შეზღუდვები არ ვრცელდება აეროპორტებზე, მეტროზე, საავტომობილო გზებსა და რკინიგზაზე, პორტებზე, ასევე აქციებზე, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე დღის საათებში და თბილისის მერიასთან შეთანხმებულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე.
მოქმედი კანონით, ხმაურის დასაშვებ ნორმად ბინებსა და სახლებში ითვლება არაუმეტეს 35 დეციბელისა დღისით (08:00 საათიდან 23:00 საათამდე) და არაუმეტეს 30 დეციბელისა ღამით. ბარებსა და რესტორნებში ხმაურის დასაშვები ნორმა დღე-ღამის ნებისმიერ დროს – არაუმეტეს 50 დეციბელისა, სასტუმროებში დღის საათებში – 40 დეციბელი, ღამით – 35 დეციბელი.
ცვლილებები ძალაში შევა მე-15 დღეს პრეზიდენტის მიერ კანონპროექტის ხელმოწერიდან.