ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 30-ზე მეტი პირი დააკავეს

მასშტაბურ სპეცოპერაციაში პოლიციის 350-ზე მეტი აგენტი მონაწილეობდა.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად დაკავებულია 30-ზე მეტი პირი, იუწყება „პირველი არხი" ესპანურ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების საქმიანობა სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებას უკავშირდება.
მასშტაბურ სპეცოპერაციაში პოლიციის 350-ზე მეტი კატალონიელი პოლიციელი მონაწილეობდა. საპოლიციო ღონისძიებაში ესპანეთის ეროვნულ გვარდიასთან ერთად ჩართული იყო აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო და ინტერპოლი.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის ძირითადი ეპიცენტრი იყო ბარსელონა, თუმცა სპეცოპერაციები ჩატარდა 30-ზე მეტ მისამართზე, მათ შორის ესტეპონაში, მარბელსა და ალიკანტეშიც.
ესპანური მედიის ცნობით, იმ მისამართებს შორის, სადაც სპეცოპერაციის ფარგლებში რეიდები ჩატარდა, ბარსელონაში მდებარე გადამზიდი კომპანიის ოფისია. გამოძიება ვარაუდობს, რომ კომპანიას მოპარული ნივთების გასაგზავნად იყენებდნენ.