ტურიზმი როგორც პრიორიტეტი: რამდენის დახარჯვას აპირებს საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს

თანხები მოხმარდება როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ქვეყანაში ტურისტების მოზიდვას.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. 2024 წელს საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 236 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს ტურიზმის განვითარებისთვის, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში.
ტურიზმი საქართველოს შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. 2023 წლის მხოლოდ სამ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 3,3 მილიარდი დოლარი. შედარებისთვის, ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 2024 წლისთვის 7,6 მილიარდი დოლარის ოდენობით განისაზღვრა (15 ნოემბრის მდგომარეობით მოქმედი გაცვლითი კურსით).
„მომავალ წელს ტურიზმის ხელშეწყობისათვის, გათვალისწინებულია 236 მლნ ლარი, მათ შორის 191 მლნ ლარი მოხმარდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას ახალი 5 წლიანი პროგრამის ფარგლებში, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენს 1 მილიარდ ლარს“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, 2024 წელს ამ პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია: ბორჯომის, ქუთაისის, წყალტუბოს, თელავის, ბათუმის, მესტიის, მცხეთის, ზუგდიდისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ცენტრალური უბნების განახლების, ტურისტულად მიმზიდველი სივრცეების შექმნისა და განვითარების ღონისძიებების დაფინანსების გაგრძელება, ჯამურად, 161 მლნ ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია მიმდინარე წელს დაწყებული გუდაურის ახალი საბაგირო გზის მშენებლობის დასრულება ჯამური 66 მლნ ლარის ღირებულებით. ასევე 2 ახალი 2,2 კმ-იანი საბაგიროს დასრულებისთვის 2024 წელს გათვალისწინებულია 30 მლნ ლარი.
2024 წელს საქართველოს ხელისუფლება აპირებს განავითაროს ისეთი მიმართულებები, როგორიცაა სპორტული ტურიზმი, კულტურული ტურიზმი, ეკოტურიზმი და სხვა მიმართულებები.
ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა სამიზნე ქვეყნების დივერსიფიკაციისთვის, რომელთა შორის ჩინეთიც დასახელებულია. 2023 წელს საქართველომ შემოიღო უვიზო რეჟიმი ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ტურისტული მიზნით შემოდიან.
რა მიზნით ჩამოდიან საქართველოში უცხოელი ვიზიტორები >>
პრიორიტეტული რჩება მეზობელი ქვეყნების საბაზრო წილის 70%-მდე შემცირება ტურისტულ ვიზიტებს შორის და ვიზიტორთა წილის გაზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და უცხოეთის სხვა ქვეყნებიდან 30%-მდე.
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2023 წლის იანვარი–სექტემბერში 43%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 5,6 მლნ შეადგინა.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 3.655,6 ათასი, რაც გასული წლის სამი კვარტლის მაჩვენებელზე 75,7%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 91,6%-ით.
ვიზიტების ყველაზე მეტი რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა.