თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას უბრალოდ არ უნდა ციხეში ჯდომა, თუმცა, ამაზე მაშინ უნდა ეფიქრა, როცა საქართველოში უკანონოდ შემოიპარა, განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფებოდა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად სწრაფი ზომების მიღებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.
„სააკაშვილს არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ ციხეში ჯდომა არ უნდა. ბოდიში, ამაზე მაშინ ეფიქრა, საქართველოში რომ შემოიპარა და მაწონში, თუ სადღაც ჯანდაბაში იჯდა", – განაცხადა ელისაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, იმ დასკვნამდე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა წესრიგში აქვს, სტრასბურგიდან თბილისში ჩამოსული დელეგაცია მივიდა, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა უნდა შეემოწმებინა.
პოლიტიკოსის თქმით, სტრასბურგის დელეგაცია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე ექს-პრეზიდენტის მდგომარეობის შესაფასებლად სპეციალურად თბილისში ჩამოვიდა, მივიდა დასკვნამდე, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობა წესრიგში აქვს.
„სახალხო პარტიასთან დიდ ბოდიშს ვიხდი და მათ მიმართ პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არც პოლიტიკური პატიმარია და თავსაც ძალიან ჯანმრთელად გრძნობს. ყოველ შემთხვევაში, სტრასბურგიდან მთელი დელეგაცია იყო ჩამოსული, იგი შეამოწმეს და დაადგინეს, რომ მსჯავრდებული მშვენიერ პირობებშია და ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს", - აღნიშნა ელისაშვილმა.
სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მისი თქმით, ექიმებისგან შესაბამისი რეკომენდაცია როგირც კი მზად იქნება, სააკაშვილს ციხეში დააბრუნებენ.
2021 წლის 1 ოქტომბრიდან, ანუ დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.