უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში 2 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობები უკანონოდ შემოჰქონდა

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 163.108,47 ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მებაჟეებმა 1.657,27 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილისა და თავად მოქალაქის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
სამართალდამრღვევ მოქალაქეს მცირე ზომის 6 შეფუთვაში მოთავსებული ოქროს ნაკეთობები ტანსაცმელში მალულად ჰქონდა განთავსებული.
სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 163.108,47 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.