თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე უცხოეთის მოქალაქის დაჭრის ფაქტზე მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მფლობელის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის შვილი, გურამ ელიზბარაშვილი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა 14 ნოემბერს, დღისით, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სროლა საბავშვო ბაღთან მოხდა. პირი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს, საბავშვო ბაღის ერთ–ერთი აღსაზრდელის მამაა. ამ დროისთვის იგი კლინიკაშია მოთავსებული.
დაზარალებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. რაც შეეხება ბრალდებულ გურამ ელიზბარაშვილს, რომელიც წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევია, პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.