მსოფლიო დღეს

სტოლტენბერგი: უკრაინაში ბრძოლის ველზე რთული სიტუაციაა

Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება კვლავ რთულია, იმის განსაზღვრა, თუ როდის ჩაქრება სამხედრო კონფლიქტი, შეუძლებელია, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის წინ.
ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო კვლავაც განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და არ გეგმავს, რომ კიევს მოლაპარაკებები აიძულოს.
სტოლტენბერგის აზრით, მხოლოდ კიევს შეუძლია გადაწყვიტოს, როდის და რა პირობებით დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან. და იქვე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის სათანადო სამხედრო მხარდაჭერას შეუძლია მოსკოვს მშვიდობაზე საუბრისკენ უბიძგოს.
„ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებებისკენ გადაიხაროს, ეს არის უკრაინის სამხედრო ძლიერების ჩვენება, რათა [პუტინმა] გაიგოს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.
ევროპელი ლიდერების განცხადებების კომენტირებისას, რომ ევროკავშირი ვერ შეასრულებს დაპირებას უკრაინისთვის ერთი წლის განმავლობაში 1 მილიონი ჭურვის მიწოდების შესახებ, სტოლტენბერგმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს „ინტენსიურად ჩადონ ინვესტიციები სამხედრო ინდუსტრიაში“.
მისი თქმით, ნატომ უკვე გააფორმა ჩარჩო-კონტრაქტი 2,4 მილიარდი ევროს ოდენობის საბრძოლო მასალის შეძენაზე, და ასევე მტკიცე კონტრაქტი 1 მილიარდ ევროზე.
მანამდე ფრონტზე მძიმე ვითარების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმაც ისაუბრეს. ზელენსკიმ აღნიშნა შვიდი მიმართულება, სადაც უკრაინის არმია სირთულეებს განიცდის, ხოლო ზალუჟნიმ მხოლოდ სამი დაასახალეა. უკრაინული მედია პრეზიდენტის აპარატსა და ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტის შესახებ ალაპარაკდა.