ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი: შალვა პაპუაშვილმა მითები დაამსხვრია

ევროკომისიის რეკომენდაცია, მიენიჭებინა საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ისტორიული გადაწყვეტილებაა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
Sputnik
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა წერილი სახელწოდებით „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ გავრცელებულ ხუთ მითს მიმოიხილავს“, რათა გააქარწყლოს მითები, რომლებიც გამოიგონეს და გაავრცელეს ბოლო რამდენიმე თვეში და „რომლებიც დაიბადა დეზინფორმაციის, პოლიტიკური მიკერძოებისა და არასწორი აღქმების შედეგად“.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. უკვე 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საქართველო სტატუსს მიიღებს, თუ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ყველა, 27 ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
პაპუაშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაცია, მიენიჭებინა საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ისტორიული გადაწყვეტილებაა. ქართული საზოგადოება და ხელისუფლება მიესალმნენ ევროკომისიის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას და დააფასეს იგი, აღნიშნა მან.
„სამწუხაროდ, დღე, რომელიც უნდა ყოფილიყო ეროვნული ერთიანობის მომენტი, ოპოზიციის მიერ ამ მიღწევაში ხელისუფლების როლის დისკრედიტაციის გამუდმებულმა მცდელობებმა წაახდინა. ეს მცდელობები ეყრდნობა მითებს, რომელთა მიზანი საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაა და, მათი უსაფუძვლობისა და ცილისმწამებლური ხასიათის მიუხედავად, პასუხს საჭიროებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მითი №1: საქართველოს მთავრობამ ძალიან ცოტა გააკეთა კანდიდატის სტატუსისათვის
პაპუაშვილის თქმით, უმთავრესი მითია, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი იმ 12 პრიორიტეტის სათანადოდ შესრულების გარეშე, რომლებიც განსაზღვრა ევროკომისიამ 2022 წლის ივნისში.
2022 წელს საქართველოს მიეცა „ევროპული პერსპექტივა“ და გამოითქვა მზადყოფნა მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, როდესაც 12 პირობა შესრულდება. მაშინ სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს.
„არაფერია აღნიშნულზე უფრო შორს სიმართლისგან. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 12 პრიორიტეტზე ფაქტობრივად მარტომ იმუშავა. განსაკუთრებით დიდი სამუშაო გასწია პარლამენტმა“, - აღნიშნულია სტატიაში.
საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებმა, კომიტეტებმა და აპარატმა შეასრულეს უზარმაზარი მოცულობის სამუშაო. მიღებული იქნა თითქმის ასი კანონი ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც, პაპუაშვილის თქმით, წარმოადგენს მთლიანი საპარლამენტო საქმიანობის მესამედს.
ეს ყველაფერი მიღწეული იქნა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მათ შორის სამინისტროებთან, სააგენტოებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, მჭიდრო კოორდინაციით, აღნიშნა მან.
„სამუშაოს დიდი ნაწილი, ჩვეულებრივ, შესაძლოა არ ყოფილიყო გარე დამკვირვებლისათვის მაშინვე შესამჩნევი, თუმცა ბრიუსელსა და ევროპულ დედაქალაქებში ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რა იქნა მიღწეული“, - დაწერა პაპუაშვილმა.
ღარიბაშვილი: არ მეგულება ევროპაში ქვეყანა, რომელიც საქართველოს სტატუსზე უარს ეტყვის >>
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უმრავლეს შემთხვევაში, ევროკავშირის მიერ დასახული პრიორიტეტები თავდაპირველად გარკვეულწილად არაზუსტი და ბუნდოვანი იყო, საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ მოახდინა მათი ხელახალი კონცეპტუალიზაცია და, მეტ-ნაკლებად, ზუსტ და შემოწმებად ჩარჩოში მოაქცია, თან გაუზიარა ევროპელ პარტნიორებს, რათა პრიორიტეტები ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში შესრულებულიყო.
„მართლაც, ევროკომისიის მიერ ამჯერად რეკომენდებული ახალი ცხრა „გადასადგმელი ნაბიჯი“ წინა რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილს იმეორებს და, თანაც, ახლებურად და უფრო თანმიმდევრულადაა ფორმულირებული, ვიდრე წინა 12 რეკომენდაცია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ახალი პრიორიტეტები გულისხმობს, რომ კომისია აღიარებს, რომ წინა რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულდა ან ახლებურად უნდა იქნეს ფორმულირებული შემდგომი, უფრო დეტალური მუშაობისთვის.
ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას, რომელთა შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
მითი №2: სტატუსს იმსახურებდა ხალხი და არა მთავრობა
დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მთავრობა მოქმედების ხალხის ნების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის მიერ ჯერ ევროპული პერსპექტივის, ხოლო შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღება წარმოადგენს აღნიშნულის დასტურს.
„ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც წინა საარჩევნო კამპანიაში გასცა დაპირება, ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2024 წელს გაეკეთებინა და გულმოდგინედ იმუშავა ამ მიზნის მისაღწევად“, - დაწერა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პარლამენტის სპიკერის თქმით, მთავრობისა და ხალხის განცალკევების შესახებ სოფისტური არგუმენტის გაზიარების შემთხვევაშიც კი, იგი ვერ უძლებს კრიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვის თანახმად, ქართველი ამომრჩეველი დიდი უპირატესობით უჭერს მხარს მმართველ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან მიმართებაში, ზოგჯერ ერთად აღებულ ოპოზიციასთან მიმართებაშიც კი, აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ოპოზიციის მცდელობამ, განეცალკევებინა ქართველი ხალხი მთავრობისაგან, გამოიწვია ის, რომ ერთ-ერთმა უცხოელმა კრიტიკოსმა საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ქედმაღლურად „საჩუქარიც“ კი უწოდა, რაც, ალბათ, ქართულ საზოგადოებაზე მეტად ევროკავშირისათვის იყო დამამცირებელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მითი №3: საქართველოს მთავრობა დისტანცირდა ევროპისგან
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2018 წელს მიღებულ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შეიტანა ორმაგი დებულება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, შესაბამისად, ევროკავშირსა და ნატოში.
„გარდა ამ და სხვა საკანონმდებლო ზომებისა, ყველა დიპლომატიური გამარჯვება ევროკავშირის ფრონტზე, რომელმაც საქართველო ევროპის მიმართულების წასწია წინ, მიღწეული იქნა ბოლო 11 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელსუფლების პირობებში“, - დაწერა პაპუაშვილმა.
საქართველომ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რომელიც ასევე მოიცავდა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებას. გარდა ამისა, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველომ მიაღწია და ამასთანავე, წარმატებით შეინარჩუნა უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დაბოლოს, გასულ წელს ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა.
„ყველა ეს მიღწევა წარმოადგენს ხელისუფლების ძლიერი პოლიტიკური ნებისა და მუდმივად განვითარებადი საჯარო ინსტიტუტების ეფექტურობის შედეგს“. - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მითი №4: ოპოზიციამ ბევრი გააკეთა სტატუსის მისაღებად
პაპუაშვილის შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს ყველაზე მანკიერ და ცინიკურ მითს. ოპოზიცია, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიცია, ჯერ შეეცადა ევროკავშირის 12 პრიორიტეტზე მუშაობის საბოტაჟს, მერე კი მისი მნიშვნელობის დაკნინებას.
„თუმცა, როგორც კი ისინი მიხვდნენ, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა დიდი იქნებოდა, შეეცადნენ თავიანთი თავისათვის მიეწერათ ეს მიღწევა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო. პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ ხელს უშლის სტატუსის მიღებას, რათა შემდგომ მოაწყოს დესტაბილიზაცია და ამით ხელისუფლების შეცვლას მიაღწიოს.
დეპუტატი: ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღება თავმოყვარეობის შენარჩუნებით შევძელით >>
„სიმართლე, რა თქმა უნდა, არ არის ჩვენი ოპონენტების მხარეს. საპარლამენტო მუშაობა 12 პრიორიტეტზე წარმოებდა სამუშაო ჯგუფებსა და საპარლამენტო კომიტეტებში. ოპოზიციის მონაწილეობა (უფრო სწორად, არმონაწილეობა) არის საკითხი, რომლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასება ძალიან მარტივია. მარტივი ანალიზი გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის წვლილი იყო ძალიან მოკრძალებული, რბილად რომ ვთქვათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიცია“ პირიქით ამ პროცესისთვის ზიანის მიყენებას ცდილობდა. მათ გათვლას წარმოადგენდა, რომ 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობა მიგვიყვანდა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ წარუმატებლობასთან, აღნიშნა მან.
„შედეგად, ოპოზიციის აზრით, ხალხი განეწყობოდა ხელისუფლების წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ რადიკალურმა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო მუშაობას“, - დაწერა პაპუაშვილმა.
მათ არ მიუღიათ მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესის უდიდეს ნაწილში, რომელიც აუცილებელი იყო ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო კანონმდებლობის მისაღებად. აღნიშნულის გადამოწმება ძალიან მარტივია, დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„გარდა ამისა, მათი დიდი ნაწილი არ იშურებდა ენერგიას საზღვარგარეთ გასამგზავრებლად და ხელისუფლების ძალისხმევის დასაკნინებლად. ოპოზიცია წარუმატებელი იყო ევროპულ დედაქალაქებში და ევროკომისიაში, თუმცა უფრო „წარმატებული“ გამოდგა ევროპულ პარლამენტში, რომელიც ევროკავშირის ის პოლიტიკური ორგანოა, რომელიც ყველაზე მეტად ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენას და მიკერძოებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობდა „რადიკალებთან“.
„საქართველო ევროკავშირის მომავალი წევრია" - პაპუაშვილი >>
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის განსაზღვრული პრიორიტეტები, რომლებიც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას მოითხოვდა, რბილად რომ ვთქვათ უფრო პრობლემური აღმოჩნდა - ოპოზიცია, განსაკუთრებით რადიკალური ნაწილი, ხელს უშლიდა მათი შესრულების პროცესს.
„ასეთი იყო დეპოლარიზაციის და სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის შემთხვევები. მაშინაც კი, როდესაც შედარებით ზომიერი ოპოზიციონერი პარლამენტარები თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან, ისინი ხდებოდნენ სისტემატური ბულინგის მსხვერპლნი მათი რადიკალური კოლეგებისა და ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან“, - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს სამარცხვინო პრაქტიკა საჯაროდ გამოაშკარავდა შედარებით ზომიერი ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ, რომლებიც ხმა მისცეს სახალხო დამცველის კონსენსუსით არჩევას, ისე, როგორც ამას ევროკავშირის პრიორიტეტები მოითხოვდა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ისეთ შემთხვევებში, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება იჩენდა ინტერესს და განზრახვას თანამშრომლობისა, ხელისუფლება რთავდა მათ პროცესში, მაგრამ პოლიტიკურად მიკერძოებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეთიშა პროცესს და გარედან დაესხა თავს ხელისუფლებას.
მითი №5: კანდიდატის სტატუსი უკავშირდება გეოპოლიტიკას და არა საქართველოს მიღწევებს
გეოპოლიტიკური ფაქტორები ქმნიან ხელსაყრელ ან რთულ გარემოს, თუმცა, პაპუაშვილის თვალსაზრისით, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული გამოიყენებს თუ არა იგი ამ გარემოებებს სათავისოდ.
„საერთაშორისო პოლიტიკის ცვლილებები გავლენას ახდენს საქართველოს პროგრესზე ევროპის მიმართულებით“, - დაწერა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილნა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საქართველოსათვის შესაძლებლობად. ამან „კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც რთული უსაფრთხოების გამოწვევები ჩვენი ქვეყნისათვის“.
„ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ქართველმა ხალხმა დემოკრატიული მმართველობა იარაღის მუქარის ქვეშ განავითარა. ძალიან რთულია ვიპოვოთ სხვა ერი, რომელსაც გააჩნია ასეთი დემოკრატიული მიღწევები მსგავს საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების საქართველოსათვის შესაძლებლობად წარმოჩენა ამორალურია.
„დიახ, მან შეცვალა გეოპოლიტიკა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მისი შექმნის დღიდან და რჩება ასეთად ყველა მონაცემების მიხედვით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რაც მთავარია, გეოპოლიტიკა არ შეცვლილა 2022 წლის ივნისის შემდეგ, როდესაც ევროკომისიის დასკვნა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იყო ნეგატიური.
„შესაბამისად, რიტორიკულად რომ ვიკითხოთ, როგორ აღმოჩნდა გეოპოლიტიკა მხოლოდ ახლა ჩვენს მხარეს, საქართველოს მიერ თავისი მიღწევების გაუმჯობესების გარეშე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

რა გველის წინ?

როგორც დასასრულს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ზემოთქმულის გათვალისწინებით, ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ისტორიას დარჩება, ევროპული კომისიის გადაწყვეტილებაა და არა მისი პოლიტიზირება.
„წინ ბევრი სამუშაოა. კარგია, რომ ევროკავშირთან კომუნიკაცია ახალი ცხრა რეკომენდაციის გარშემო, ამჯერად, უკეთესადაა სტრუქტურირებული, ვიდრე აქამდე იყო. ეს გვაძლევს საშუალებას, კარგად გავაცნობიეროთ რეკომენდაციები, რათა ჩვენი პროგრესი უფრო უკეთ იყოს გაზომილი და დადასტურებული“, - დაწერა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ არსებული სტრუქტურირებული დიალოგი ევროკავშირთან უფრო ეფექტურს გახდის საქართველოს მომავალ პროგრესს.
საქართველო კანდიდატის სტატუსსაც ღირსეულად მიიღებს - ირაკლი კობახიძე >>
განსაკუთრებით საინტერესოა ახალი მოსაზრება დეზინფორმაციის თაობაზე, რომელიც, პაპუაშვილის თქმით, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს საქართველოს პოლიტიკური განვითარებისათვის. ეს ახალი წინადადება საქართველოს ხელისუფლებისათვის მისაღები და მოსაწონია, თქვა მან.
„მანიპულაცია, არასწორი აღქმების შექმნა და პირდაპირი დეზინფორმაცია ის მანკიერებებია, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს პოლიტიკურ კლიმატს წამლავდა. დეზინფორმაციასთან გამკლავება ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის დასასრულებლად. დეზინფორმაციის დონის შემცირება დაგვეხმარება დემოკრატიის კონსოლიდაციაში და ევროკავშირისაკენ უფრო სწრაფად სვლაში“, - დაწერა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, მაქსიმუმს მიაღწიოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მომავალ წლებში.
„გვჯერა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც 2024 წლის ოქტომბერს ჩატარდება, პოლიტიკური მანდატის განახლებას მოუტანს „ქართულ ოცნებას“, რათა საქართველო ევროკავშირთან ნამდვილ ინტეგრაციამდე მიიყვანოს. მომავალი ბევრს გვპირდება. უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და დავაბრუნოთ საქართველო იქ, სადაც მისი ადგილია - ერების ევროპულ ოჯახში“, - წერს პარლამენტის თავმჯომარე.
საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის ევროკომისიის მიერ გაჟღერებულ ცხრა ნაბიჯს შორისაა თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს, და OSCE/ODIHR–ის რეკომენდაციების სრულფასოვანი შესრულება. ასევე რეკომენდაციებს შორისაა საარჩევნო რეფორმის დასრულება და არჩევნებზე ამომრჩევლების ადეკვატური გამოცხადების წინასწარ უზრუნველყოფა.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დეკემბერში ელოდება. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.