შეურაცხყოფა და არითმეტიკის არცოდნა – დეპუტატი პარტიების რეიტინგზე

პარტიების რეიტინგის თაობაზე კვლევა კომპანია „ედისონ რისერჩმა" ჩაატარა
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიზანია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა: მასში რიცხვებიც კი არ ემთხვევა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან.
კომპანია „ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებულ კვლევაში პოლიტიკური პარტიების საერთო რეიტინგმა 102% შეადგინა, კორექტირების შემდეგ კი 101% გახდა. კერძოდ, პარტია „პატრიოტთა ალიანსის" რეიტინგი 1%-ით შემცირდა და 3%-ის ნაცვლად 2% შეადგინა. აღნიშნულ კვლევაში „ქართულ ოცნებას" 37% აქვს, ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი 21%.
„ისინი მორიგ ჯერზე შეეცადნენ საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრას და შეურაცხყოფის მიყენებას, თითქოსდა რაღაც კვლევებს ატარებენ", - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ისინი, ვინც კვლევაზე მუშაობდნენ, არც კი შეწუხებულან მათ მიერ მოგონილი ციფრების სწორად დალაგებისთვის.
„სინამდვილეში, ეს ხალხი იმდენად არაკეთილსინდისიერია, რომ ელემენტარული არითმეტიკისთვის არც კი შეუწუხებიათ თავი. რადგან რაღაცას წერენ, პასუხისმგებლობა მაინც აიღონ და მათემატიკურად სწორად შეკრიბონ, რომ არ დაიბნენ და საკუთარ ციფრებშივე არ ჩაიკარგონ", - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.